,,ჩემთვის დიდი პატივია” – სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერობის შეთავაზებაზე თანახმაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო და ამ შეთავაზების მისაღებად მზადაა.

,,ჩემთვის დიდი პატივია, პრეზიდენტ ზელენსკისგან მიღებული შეთავაზება – გავხდე უკრაინის ვიცე-პრემიერი რეფორმების კუთხით. მე ასევე მქონდა შინაარსიანი და სასარგებლო საუბარი უკრაინის პრემიერ-მინისტრ შმიგალთან, რომლის დროსაც ჩვენ ჩემი ხელისუფლებაში მუშაობის საკითხები დეტალურად განვიხილეთ.

მე პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნების და შემდგომ პერიოდშიც მხარს ვუჭერ და უკრაინისა და მთელი რეგიონის სასარგებლოდ მის გუნდზე დიდ იმედებს ვამყარებ. ამ შეთავაზებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რამდენადაც ქვეყნისთვის ეს არ არის მარტივი დრო. წინ ჩვენ ქვეყნისა და მის ეკონომიკაში რთული პერიოდი გველის. ჩვენ ახლა, როგორც არასდროს ჩვენს გადაწყვეტილებებსა და რეფორმებში გაბედულები უნდა ვიყოთ”,- წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

მისივე თქმით,  უმაღლეს რადას თავის პროგრამას წარუდგენს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს დენის შმიგალის მთავრობას. ასევე, გამოიყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, იმისთვის რომ მმართველ გუნდს სარგებელი მოუტანოს.

,,საკანონმდებლო ორგანოში აუცილებელი ცვლილებების შესახებ ჩემს წინადადებებს წარვადგენ, შმიგალის მართველობის სამთავრობო პროგრამის ნაწილის კონკრეტული დამუშავებით, რომელიც ჩამომიყალიბდა უკრაინაში ჩამოსვლამდე და ასევე აქ მუშაობის პერიოდშიც, დავეფუძნები რა როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ გამოცდილებას.
იმისთვის რომ უკრაინამ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი უმცირესი დანაკარგებით გადალახოს და ყველა გამოწვევას უპასუხოს, პრეზიდენტის გუნდთან ერთად, მზად ვარ ვიმუშავო უკრაინის პარლამენტის ყველა პატრიოტულ და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად. ვიმედოვნებ რომ ვიქნები გუნდის სანდო წევრი და უკრაინელ ხალხს გამოვადგები, მათთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთებით.

მე ასევე ვიმედოვნებ, რომ გამოვიყენებ ჩემს საერთაშორისო გამოცდილებას, იმისთვის რომ ვიყო მმართველი გუნდის სარგებლის მომტანი წევრი, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის კუთხით, გავაძლიერო უკრაინის პრესტიჟი და მოვახდინო მისი ინტეგრირება საერთაშორისო კავშირებთან, იმისთვის რომ დავიცვა პირველ რიგში უკრაინელი ხალხის ინტერესები და ქვეყნის განვითარებას შევუწყო ხელი. “, – აცხადებს მიხეილ სააკავშვილი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი შესაძლოა უკრაინის ვიცე პრემიერად დაინიშნოს რეფორმების საკითხში. უკრაინული გამოცემა  “украинская правда“ წერს, რომ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი უმაღლესმა რადამ შესაძლოა უკვე პარასკევს განიხილოს.