სოციალურ ქსელებში გავრცელდა რუსი ჯარისკაცის ფოტო, რომელმაც ტანკზე აშკარად უკრაინაში მოპარული ნივთები შემოაწყო. ფოტო სააგენტო როიტერს ეკუთვნის და ის ქსელში ვირუსული გახდა, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი მონათხრობის ფონზე იმის შესახებ, რომ ოკუპანტების გასვლის შემდეგ საკუთარ სახლებში დაბრუნებულ უკრაინელებს ისინი გაძარცვული დახვდათ. ვირუსულ ფოტოზე აღბეჭდილ ნივთებს კი პატრონი მალევე გამოუჩნდა. ქალაქ პოპასნოეს მცხოვრებმა ალინა კორენიუკმა ტანკზე დატვირთული საკუთარი ნივთები ამოიცნო. ქალი იძულებული გახდა ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქში საკუთარი სახლი მიეტოვებინა და ბრიტანეთში შვილებთან ერთად გადასულიყო, რადაგან პოპასნოე 8 მაისის შემდეგ რუსებს აქვთ ოკუპირებული. თან მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთების წაღება შეძლეს.
როცა ქსელში პოპასნოეში გადაღებული რუსული ტანკის ფოტო გამოჩნდა, ალინამ მაშინვე იცნო საკუთარი ნივთები.
ფოტოზე აღბეჭდილი დიდი ყუთი ალინას თქმით არის მათი ახალი გათბობის ქვაბი, რომელიც შეიძინეს, თუმცა დამონტაჟება ვერ მოასწრეს. ქალმა ასევე ამოიცნო მათი აგარაკის ხალიჩა, გადასაფარებელი და საბანი დისნეის პრინცესებით, რომელიც მისი ბავშვის საძინებელში დატოვეს.
ალინა ვააუდობს, რომ ტანკზე გადასაფარებლის ქვეშ მათი სხვა მოპარული ნივთებიც იყო, რომელთა დატოვება ოჯახს სახლიდან გაქცევისას მოუწია.
“ის, რაც ვერ გაანადგურეს მოიპარეს. ველოდით, რომ პოპასნოეში სახლებს გაძარცვავდნენ. ამაზე არაერთხელ გაგვაფრთხილეს“– ამბობს ქალი.
ალინა კორენიური და მისი შვილები– 12 წლის ქრისტინა და 8 წლის ოლგა ბრიტანეთში იქაური ხელისუფლების პროგრამით წავიდნენ. მათ თავშესაფარი ქალაქ საუთველში, ნოთინგემის სიახლოვეს მისცეს.
ალინას დედა, ბებია და ქმარი უკრაინაში დარჩნენ. ახლა ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან. თავად ალინა ომამდე ბავშვთა ფსიქოლოგად მუშაობდა. ალინამ ბავშვების გაყვანა უკრაინიდან პოლონეთის გავლით შეძლო.