სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც ,მოსამართლე ლევან მურუსიძეზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძეზე წერს. მისი თქმით, სუსთან სასამართლო კლანის ამ წევრების ურთიერთობა მისი მეშვეობით ხორციელდებოდა და ის იყო მათი ფინანსური საკითხების მომგვარებელიც.
“ლევან მურუსიძეს ვიცნობ 1995 წლიდან. იგი გავიცანი სახალხო პარტიის ვაკის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თუმცა მას შემდეგ ურთიერთობა არ გვქონია. ურთიერთობა აღდგა მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძე და მურუსიძე გარიგდნენ ივანიშვილთან. ჩინჩალაძის მოთხოვნით კოორდინაცია დამყარდა სუსთან და მთავარი საკონტაქტო პირები ოცნების სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში ვიყავით მე და მურუსიძე. ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები, რა თქმა უნდა ნებისმიერი შეკვეთა, რაც პარტიიდან მოდიოდა უნდა შეესრულებინათ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამსახურიდან ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან იგზავნებოდა ოპერატიული მასალაც მოსამართლეების შესახებ. ჩვენი შეხვედრები იმართებოდა ჩემს საცხოვრებელ სახლში, დიღომში სასამართლოსთან და ასევე იუსტიციის საბჭოსთან.
ასევე, ჩინჩალაძესა და მურუსიძეს კახეთში, კერძოდ დედოფლის წყაროში აქვთ 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელიც შეიძინეს ჩემი დახმარებით 2016 წელს. ნაკვეთები გაფორმებულია მათ სანდო პირზე, ხოლო ამ მიწის მოვლაში მათ სჭირდებოდათ მცოდნე ადამიანი, ვისი მოძებნაც მე მთხოვეს. მე ეს ადამიანი მათ დავაკავშირე. 2016 წლიდან ჩემს დაკავებამდე ისინი ჩემი დაცვის წევრის საშუალებით იყვნენ კავშირზე, იღებდნენ ინფორმაციას ჩემგან, თავის მხრიდან მიგზავნიდნენ მეც მოსამართლეების შესახებ, ვისი კონტროლიც აინტერესებდათ.
ჩემი დაცვის წევრის საშუალებით აგზავნიდნენ მიწის დამუშავების თანხას. ეს თანხა ხან მურუსიძეს ნუცუბიძეზე მოჰქონდა ჩემს სახლში. როდესაც ხდებოდა მოსავლის (მარცვლეული) აღება და რეალიზაცია, მათ ჩემი დაცვის წევრი რეალიზაციისგან მიღებულ თანხას, დაახლოებით 150 000 – 200 000 ლარს აწვდიდა ხან საცხოვრებელ სახლში ძეგვში, ხან სასამართლოსთან დიღომში, ზოგჯერ თანხის ასაღებად მურუსიძე თავად მოდიოდა ჩემთან სახლში. მოკლედ მურუსიძეს ჩემთან და ჩემი დაცვის წევრთან, სამხარაძესთან ჰქონდა აქტიური ურთიერთობა.
ჩემი დაკავების შემდეგ სამხარაძესა და მურუსიძეს შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც მან სამხარაძეს უთხრა, რომ ის და ჩინჩალაძე ყველაფერს ეცდებოდნენ, რომ ჩემი საქმე დაელაგებინათ, მე პასუხი დაგვიანებით, მაგრამ გავუგზავნე სამხარაძის საშუალებით, რომ მე ვაპირებდი ბინძური სისტემის მხილებას, ვისაუბრებდი სასამართლოზეც და მათ გადამალულ ქონებებზეც.
ჩემო მურუს, ეხლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე ამას მხილებას ვეძახი.
სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი.