“ჩემი ვარცხნილობა იდეალური უნდა იყოს“–ტრამპი ამერიკულ საშხაპეებში წყლის ხარჯვის ლიმიტს აუქმებს

“ჩემი ვარცხნილობა იდეალური უნდა იყოს“– განაცხადა ცოტა ხნის წინ აშშ–ს პრეზიდენტმა და დაიჩივლა, რომ თავი ნორმალურად ვერ დაუბანია. მისი ადმინისტრაცია გამოვიდა ინიციატივით, გაუქმდეს ამერიკული შხაპების სიმძლავრის შეზღუდვა.

აშშ–ს ენერგეტიკის სამინისტრო ოფიციალურად გამოვიდა წინადადებით შეიცვალოს შხაპში წყლის ხარჯვის დაანგარიშების მეთოდი და ფაქტიურად გაუქმდეს შეზღუდვა, რომელიც თითქმის 30 წლის წინ შემოიღეს, შემდეგ კი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაზუსტდა.

1992 წლის კანონის მიხედვით (მაშინ პრეზიდენტო ჯორჯ ბუშ უფროსი იყო), ამერიკული შხაპის გამტარიანობა წუთში 9.5 ლიტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

ეს კანონი ქვეყანამ წყლისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით მიიღო.

უფროსი ბუშის ეპოქის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და გამოჩნდა რამდენიმე თავიანი საშხაპეები. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ კი დააკონკრეტა წესი და დაადგინა, რომ 9.5 ლიტრი წყლის ლიმიტი არა ყოველ ცალკეულ თავს, არამედ მთლიანად საშხაპე კონსტრუქციას ეხებოდა.

სწორედ ამ წესის შეცვლა უნდა ენერგეტიკის სამინისტროს. მისი ინიციატივით კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ლიმიტი შხაპის ყოველ ცალკეულ თავს ეხება. ანუ, თუ საშხაპეში მაგალითად ოთხი შხაპის თავია, წყლის ჯამური გამტარობა შეიძლება წუთში 38 ლიტრი იყოს.

ერთი თვის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიჩივლა, რომ თავის ნორმალურად დაბანა არ შეუძლია:

“ჩართავ შხაპს და წყალი არ მოდის. გინდა ხელი დაიბანო – წყალი არ მოდის. და რა უნდა ქნა? დგახარ შხაპში უფრო დიდხანს. არ ვიცი თქვენთან როგორ არის, მაგრამ მე თმა იდეალურად უნდა მქონდეს. იდეალურად!“–თქვა ტრამპმა 16 ივლისს თეთრი სახლის წინ მდელოზე გამოსვლისას.

მანამდე, გასული წლის დეკემბერში ტრამპი ჩიოდა, რომ შხაპში წყალი კი არ მოედინებოდა, წვეთავდა. ცოტა ხნის წინ, კომპანია  Whirpool–ის ქარხანაში ვიზიტისას კი განაცხადა, რომ უკვე გაათავისუფლა ამერიკელი ხალხი შხაპში წყლის ხარჯვის ლიმიტისგან, თუმცა იმ დროისთვის ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება ოფიციალურად გამოქვეყნებული ჯერ არ იყო.

ორგანიზაციები, რომლებიც ეკოლოგიისა და ენერგომომარაგების საკითხებზე მუშაობენ, ტრამპის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან. ერთ–ერთი მათგანის ხელმძღვანელი, ენდრიუ დელასკი ინიციატივას სულელურს უწოდებს.

“თუ 4–5 თავიან საშხაპეში თითო თავზე  წუთში 38 ლიტრი წყლის ხარჯვა გექნებათ, უბრალოდ წყალი წაგიღებთ“– უთხრა დელასკიმ ასოშეითედ პრესს.