ჩემი ინფორმაციით, სამივეს დაიჭერენ – ვატო წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელზე

TV პირველის ხელმძღვანელის, ვატო წერეთლის განცხადებით, დარწმუნებულია და აქვს ინფორმაცია, რომ სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს მის მამას, ავთანდილ წერეთელს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს.

“დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ დააპატიმრებენ [ავთანდილ წერეთელს]. ჩემთვის მნიშვნელოვანია ახლა, რომ მომცეს პროკურატურამ საშუალება, რომ გავიყვანო და გააგრძელოს ამ ადამიანმა მკურნალობა და დაბრუნდეს.

დარწმუნებული ვარ 1000%-ით, პოლიტპატიმარი იქნება, იმიტომ, რომ ეს იქნება ჩემს მიმართ შურისძიება, ასე თუ ისე, მესმის ყოველთვის, ირიბი ხმები მოდის ჩემამდე, კი, ჩემი ინფორმაციით, ვიცი, რომ დაიჭერენ. ხვალ უკვე ვეცდები არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს და დიპლომატიურ კორპუსს შევატყობინო ეს […]

იმდენი საქმე გვინახავს, სადაც არავის არაფერი ჩაუდენია, არ მიკვირს. თუმცა ვიცი, რომ აუცილებლად დაიჭერენ სამივეს. ეს იქნება ჩემ მიმართ პირადი შურისძიება”,- ამბობს წერეთელი მთავარი არხის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს სასამართლო განიხილავს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს, რომლის ფიგურანტები არიან ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი და “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ავთანდილ წერეთელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან.