ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე გერმანიის ელჩს, ჰუმბერტ კნირშს მეგობარს უწოდებს და ამბობს, რომ როდესაც ადამიანს ეკამათები, მისი აზრი მოთმინებით უნდა მოისმინო.
“როდესაც მეგობარს არბიტრად იწვევ დავაში, მზად უნდა იყო იმისათვის, რომ შენს მეგობარს და უკვე არბიტრს საკუთარი აზრი ექნება ყველა საკითხზე და მოთმენითა და ტაქტით უნდა მოისმინო მისი აზრი. თუ რამეს არ ეთანხმები, მე ჩემს მეგობართ ჰუმბერტთან ძალიან ხშირად მიკამათია ბევრ საკითხზე, მათ შორის, მაგალითად 2008 წლის რუსეთის დამანგრეველი სამხედრო აგრესიის გენეზისზე, დასაწყისზე, მიმდინარეობაზე, ა.შ”,– ამბობს ვაშაძე ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, გერმანიის ელჩი საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს, ამიტომ მასთან კამათი დასაშვებია ტაქტის და პროტოკოლის დაცვით.
“ის წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, რომელმაც ერთ-ერთი უზარმაზარი როლი ითამაშა დღევანდელი საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებაში, რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, ასოცირების შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციაში. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ელჩზე, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელზე და არა პიროვნებაზე, იმიტომ, რომ ეს ადამიანი სახელმწიფოს წარმოადგენს.
უნდა გვახსოვდეს, როდესაც ადამიანი საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათი დასაშვები არის, მაგრამ არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ. ჰუბერტ კნირში ამ ქვეყნის პატრიოტი არის და ჩვენი მეგობარი”,– აღნიშნა ვაშაძემ.
გერმანიის ელჩი პარტია ევროპული საქართველოს კრიტიკის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის. რამდენიმე დღის წინ მან ასევე ისაუბრა 20 ივნისის აქციაზე, რომლის შესახებაც თქვა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ პირდაპირპროპორციული ძალა გამოიყენა. მან 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი რუსეთის ინტერესებში იყო, თუმცა საქართველოს მთავრობის ქმედებებმა მათ საქართველოში შემოჭრის საბაბი მისცა.