ჩემი მოწამლვის უკან პუტინი დგას – ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამლვის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას. ამის შესახებ მან Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა

ეს მისი პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკის სტაციონარიდან გაწერეს.

„დიახ, მე ვთვლი, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას და მე მომხდარის სხვა ვერსიები არ მაქვს“, – განაცხადა ნავალნიმ.

ალექსეი ნავალნიმ ასევე განაცხადა, რომ გერმანიაში მკურნალობის დასრულების შემდეგ რუსეთში დაბრუნდება. „ახლა ჩემი საქმეა – ვიყო ადამიანი, რომელსაც არ ეშინია. და მე არ მეშინია!“ – აცხადებს ნავალნი.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა.