ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ – ასე ეხმაურება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას. რამდენიმე საათის წინ უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირათ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს.
“გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი.
რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.
ვერ დამიჭერთ რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს არც სამართლიანი.
ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.
ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა.
კიდევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ”-წერს ნიკა მელია.