ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია – გვარამია

მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. მან გამოსვლისას კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გაბუნიასთვის დაცვის შეთავაზება ნიშნავს, რომ საფრთხე კვლავ არსებობს. მისივე ცნობით, ბოკოვი, რომელიც სუს-მა დააკავა, არ არის მკვლელი, ის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.

გვარამიას განცხადებით, მისი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს. მისივე თქმით, წყაროების შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა.

ცნობისთვის, გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს. მიიღებენ თუ არა აღნიშნულ შეთავაზებას, ჯერჯერობით უცნობია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის კონსულტაციას ადვოკატთან გაივლის.