ჩემს მშობლებს ასეთი დანაზოგი არ აქვთ, საერთოდ არ მიმიღია ოდიშარიას სიტყვები მათ შეურაცხყოფად – თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.
- “წარმოუდგენელია თქვენ როგორი ინტერპრეტაციაც გინდათ ის ეგულისხმა ბექა ოდიშარიას. იმიტომ რომ მაგალითად მე როდესაც მისი სიტყვები მოვისმინე, და მყავს პენსიონერი მშობლები, რომლებსაც არ აქვთ, სამწუხაროდ, რაღაც დანაზოგი, იმიტომ, რომ ვიღაცას აქვს, ვიღაცას არ აქვს. ასე თქვენ აყენებთ საკითხს, რომ პენსიონერი თუ არის აუცილებლად არ უნდა [ჰქონდეს], ვიღაცას აქვს. ჩემს მშობლებს, მაგალითად ასეთი დანაზოგი არ აქვთ და მთელი ცხოვრება მართლა პატიოსნად მუშაობდნენ, მრავალი ათეული წლის განმავლობაში და საერთოდ არ მიმიღია ბექა ოდიშარიას სიტყვები ჩემი მშობლების შეურაცხყოფად. არც სხვა იმ პატივცემული და მართლაც მშრომელი, ჩვენი პატივსაცემი პენსიონერების საწინააღმდეგოდ მიმიღია, როგორც თქვენ ამას თარგმნით. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია”.
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა ოდიშარია პრემიერმინისტრის მამის შემოსავლებთან დაკავშირებით მის გუშინდელ განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს დანაზოგი, ზოგიერთს არა. მან თქვა, რომ შობლების მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას არასდროს შეეგუებიან.
- “მე განვაცხადე შემდეგი, რომ პირველ რიგში, შეეშვით მშობლების და ოჯახების შეურაცხყოფას, ჩვენ შევეგუეთ და გვაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც არსად არ წერია, მაგრამ ეს ჩვენი კეთილი ნებაა და ვითმენთ შეურაცხყოფას, პასკვილებს, ათასგვარ სისულელეს, რომელსაც თქვენ გვაბრალებთ. შევეგუეთ ამას და მოგვყვებით, დინებას მივყვებით ვიდრე ვართ პოლიტიკაში. რაც შეეხება ჩვენ მშობლებს, მათდამი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას ჩვენ არასდროს შევეგუებით, ეს იქნება პრემიერმინისტრი, ეს ვიქნები მე, თუ ეს იქნება ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, ეს ყველასთვის ერთნაირად მტკივნეულია, ისევე როგორც თითოეული თქვენგანისთვის. რაც მე ვთქვი, ამაზე პასუხს ვაგებ. […] თუ მრუდე სარკეებში არ ჩაიხედავთ და გონებას არ გაიუკუღმართებთ ხელოვნურად, მე ვთქვი შემდეგი რამ, არიან ადამიანები ცხადია, ვიღაცას აქვს დანაზოგი, ვიღაცას არ აქვს დანაზოგი და რატომ გვიკვირს მეთქი, რომ თუ აქვს ადამიანს, მე ასე მოგახსენეთ წინა გამოსვლაში, თუ აქვს ადამიანს რაიმე დანაზოგი, იმ ადამიანს, რომელსაც არ უმუქთახორია, მთელი ცხოვრება უშრომია და ახლა დაუდგა ისეთი მომენტი, რომ შვილიშვილს, მნიშვნელოვან, გადამწყვეტ რაღაც საეტაპო პერიოდში, შვილს და შვილიშვილს გარკვეულ დაეხმაროს, რა არის ამაში გულისგასახეთქი და შესაშურითქო”, – თქვა ოდიშარიამ.