სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თბილისში ოპოზიციას შორის მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თქვა, რომ თბილისში ორ ოლქში დააყენებს კანდიდატურას, დანარჩენებს კი ოპოზიციას უთმობს, ამ თემაზე ოპოზიციას შორის კონსულტაციები დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეთანხმებულ კანდიდატებს ოპოზიცია ოც ივნისამდე დაასაელებს. ამ შეთანხმების ნაწილად ელისაშვილის კანდიდატურაც მოიაზრებოდა. ელისაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავს:
“მოკლედ, მეგობრებო თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით არ ვიცი ვინ რაზე შეთანხმდა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ასეთია:
1. სანამ პარლამენტს არ დაუმტკიცებია 120/30 პრინციპი, მანამდე თბილისის მაჟორიტარების პრეზენტაცია ძალიან არასერიოზულია. ვინმეს აქვს გარანტია რომ დიმიტრი ხუნდაძე ისევ არ “აჯანყდება” და ისევ ამ ჩააგდებენ ამ საკითხს? ასე რომ ოპოზიცია ძალიან კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამდენად სად ჩქარობს ოპოზიცია ვერ ვხვდებით.
2. თბილისის მაჟორიტარებზე თუ იქნებოდა შეთანხმება უნდა ყოფილიყო ყველას შეთანხმება და არა ცალკეული პარტიების. ყველა ამ შეთანხმების მონაწილე არაა როგორც ვხედავთ, ასე რომ ჩვენც ვერ ვხედავთ მონაწილეობის აუცილებლობას.
3. ჩემ სახელს და გვარს ნურსად ნუ დაასახელებენ. მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას სად დავდგე და სად არა.“– წერს ელისაშვილი.