კონსილიუმის წევრი ექიმი ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ დასრულდა მესამე კრიტიკული დღე.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტიც და ექიმები კმაყოფილები არიან.
„ჩეპეს“ გარეშე გავიარეთ სამივე დღე. დღეს დამატებით კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე, შიმშილის მარკერები ნორმალურია, როგორც იქნა ცილაც უკვე ნელ-ნელა დაიწყო მოწესრიგება. ხვალიდან გადავდივართ უკვე დაკვირვების სტადიაში, ნელნელა გავაფართოებთ კალორაჟს, შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს, ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე, შემდეგ უკვე გადავალთ სულ სხვა კვებაზე.
თვითონ თავს გრძნობს უკეთესად. სისუსტე ნურავის გაგიკვირდებათ, რომ რჩება, თუმცა, ისეთი არ არის, როგორიც შაბათს იყო. სისუსტე რჩება. 50 დღე როდესაც შიმშილობს ადამიანი, ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ამიტომ, ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს. ყოველ დღე მოგაწვდით ინფორმაციას, რა მომეწონება და რა არა”,- თქვა ექიმმა.