უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძარი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ჩამქრალია. მათი თქმით, ხანძრის ლიკვიდაციას წვიმამ შეუწყო ხელი.
,,ღია ცეცხლი აღარ არის. ცეცხლის კერები მხოლოდ მიწაზეა შემორჩენილი”,- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მათივე ინფორმაციით, 400-ზე მეტი მეხანძრე აგრძელებს ადგილზე მუშაობას.
ცეცხლი ჩერნობილის მიმდებარედ ტყეში 4 აპრილს გაჩნდა. უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც ცეცხლი განზრახ გააჩინა. პოლიციის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ბალახს ცეცხლი წაუკიდა და ხანძარიც ამან გამოიწვია. ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო.