ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იქნება, სადაც საქართველო ტურისტულ მიმოსვლას აღადგენს.
ეკონომისკის სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე განხილული იყო ორი ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.
თურნავა აცხადებს, რომ ჩეხეთში საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ.
“პანდემიამდე საკმაოდ მზარდი იყო ჩეხეთიდან ტურისტული ნაკადები. რაც მთავარია, ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდნენ. დღესაც ჩეხეთში მოთხოვნადია დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტები საქართველოდან. ჩეხეთის ელჩთან ვისაუბრეთ, რა ფორმალური პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი, რომ უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნა დავაჩქაროთ”, – აღნიშნა მინისტრმა.
22 მაისს თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ავიამიმოსვლა ბალტიის ქვეყნებთანაც აღადგინოს.