პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში ოცნების მაჟორიტარობის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო გლეხს მარტო არასდროს დატოვებს, სანამ ფერმერი არ გახდება.
მან ის საკითხებიც დაასახელა, რომელიც მისი მტკიცებით, ხელისუფლების ძირითადი ამოცანაა:
“უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვების განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია, ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს, რა თქმა უნდა, ჩვენი გლეხი, რომელსაც უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გლეხი გახდეს ფერმერი, გაეზარდოს შემოსავალი. არავის ეგონოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს არასოდეს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი, არ დაასაქმებს სხვა ადამიანებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება”,– აცხადებს გახარია.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების გამარჯვებაში დარწმუნებულია.
“ამიტომ როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტული ექსპორტზე გატანის ნაწილში სახელმწიფო როგორც ედგა აჭარელ გლეხს, ისე დაუდგება მომავალშიც გვერდით. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე – ჩვენს სოფელზე, ჩვენს დაბაზე, ჩვენს ქალაქზე და საბოლო ჯამში ქვეყანაზე. მინდა გისურვოთ გამარჯვება და რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.