პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ პროკურატურის თვითმიზანი მელიას დაკავება არასდროს ყოფილა.
“ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ჩვენი მიზანი იყო, რომ მართლმსაჯულების პროცესი, რომელიც მის მიმართ ხორციელდება, წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული ადეკვატური აღკვეთის ღონისძიება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში იყო გირაო. ის ფაქტი, რომ დღეს ამგვარი წინადადება არის წარმოდგენილი და პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე, არის შედეგი ნიკანორ მელიას ქმედებისა, რომელსაც უბრალოდ არ სურს გირაოს თანხის გადახდა”,– ამბობს ის.
პროკურური აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს “უპროცედენტო მოცემულობასთან”.
“რაც შეეხება კითხვას, რატომ არ მოხდა ბრალდების მხარის მიერ თავდაპირველადვე პატიმრობის გამოყენება, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე ითხოვს, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვიმსჯელებთ დღევანდელ სხდომაზე,”- განაცხადა პროკურორმა.