ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე მისულმა იაგო ხვიჩიამ, ვახო მეგრელიშვილმა და სანდრო რაქვიაშვილმა შეხვედრა მალევე დატოვეს. იქიდან გამოსულმა იაგო ხვიჩიამ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა, რადგან არ უნდათ მიშას თამაშში ჩართვა, მათ კითხვებზე კი პასუხი ვერ მიიღეს. „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩმა“ ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენა. მისი თქმით, ამ საკითხებზე ოპოზიციონერების რეაქცია იყო „ქაოსი, დესტრუქცია და ყაყანი“.
“ფაქტობრივად, ხალხმა, რომელიც ლეიბორისტების ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი თამაშობენ მიშას თამაშს.
მაგალითად, კახა კუკავამ გვითხრა, გვაცალეთ მიშას თამაშის თამაშიო. ასე მითხრა სიტყვასიტყვით. ზოგადად განწყობა იყო ეს და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი თამაში არ არის. ჩვენ გვქონდა სულ სამი საკითხი, რომლის განხილვაც გვინდოდა:
ერთი –მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რაზეც პასუხი ვერ გამცეს საერთოდ.
მეორე– რომ ვამბობთ, არჩევნები გაყალბდაო და ვერ ვარწმუნებთ ფასილიტატორებს, მომეცით თქვენ ხელთ არსებული მტკიცებულება. იცით, რომ ჩვენ პარლამენტში ჩვენი პირობის გარეშე არ შევდივართ, ამიტომ ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენ მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს, რაზედაც ასევე დუმილი იყო და კონკრეტული პასუხი არ ყოფილა.
მესამე საკითხი იყო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა იყო და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ნიკა მელიას უპირობო მხარდაჭერას და ვუცხადებთ. ანაზე ატყდა ყაყანი და გაუსაძლისი გახდა ჩვენი ყოფნა”. – თქვა იაგო ხვიჩიამ.
შეხვედრიდან გამოსულმა ვახო მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ როცა მათ ოპოზიციას კითხვები დაუსვეს, ისინი სიგარეტის მოსაწევად გავიდნენ.
ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე, საპროტესტო აქციებსა და ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში სამოქმედო ნაბიჯებზე მსჯელობს.