ჩვენი კოლეგების გარეშე არსად შესვლას არ ვაპირებთ – იაგო ხვიჩია

გირჩის ერთ–ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, გირჩი პარლამენტში არ შევა მანამ, სანამ გირჩის მიზნების მიღწევა შესაძლებელი არ იქნება.

მისი თქმით, დღეს სიტუაციის ესკალაცია ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ენმ–ს დაემუქრა, რომ გაუუქმებდა პარტიას.

“მოლაპარაკების პროცესში, როდესაც ჩვენ ფასილიტატორებთან ერთად ვისხედით და ვსაუბრობდით, შემოვიდა მუქარის თემა, რომელმაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ამ ჩიხიდან გამოსვლა. თუ ქართულმა ოცნებამ შეასრულა დასახელებული მუქარა, ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები?! მე ენმ–ს მხარდაჭერა მჭირდება იმისთვის, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო. ხატია დეკანოიძეს ვახო მეგრელიშვილი ეხუტებოდა გუშინ, შენთან ერთად შევდივარ პარლამენტშიო, დღეს როგორ უნდა უთხრას?”,– ამბობს ხვიჩია ტვ პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ გირჩი ყოველთვის იყო საერთო ოპოზიციური ბოიკოტის მომხრე, ამიტომ რასაც ოპოზიცია გააკეთებს, იმავეს გააკეთებს მისი პარტიაც.

“ჩვენ ჩვენი კოლეგების და პარტნიორების გარეშე არ ვაპირებთ არსად შესვლას, არც არასდროს ვაპირებდით. ნებისმიერი ცილისწამება არის უსინდისო ტყუილი, რომელიც დიდი ხანია როგორც გირჩის გულშემატკივრებისგან, ისე მისი მტრებისგან მესმის. ჩვენ პოზიცია ყოველთვის გვქონდა ძალიან გასაგები. მარტო არაფერი საქმე არ მაქვს პარლამენტში, საქმის გასაკეთებლად მჭირდება ჩემი კოლეგები და მეგობრები”,– თქვა იაგო ხვიჩიამ.