ჩვენი კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება, ინტენსიური გავრცელებაა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა აჩვენებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო და კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება.

მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა და 100 ათას მოსახლეზე 8 გახდა.

„მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება „მწვანე ზონაში“, რადგან ეს ინციდენტობა არის 10-ზე ნაკლები, მაგრამ ახალი 45 შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, რეგიონის ჩაკეტვაზე საუბარი ჯერ არ არის, თუმცა რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება იქნება საჭირო.

„აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოვება“,- თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.