ჩვენი მთავარი კონკურენტი არ არის “ნაციონალური მოძრაობა“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმთ, მმართველი გუნდის მთავარი კონკურენტი არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ქვეყანაში არსებული გამოწვევებია.

„ჩვენი მთავარი კონკურენტი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენი შედარება „ნაციონალურ მოძრაობას“ რითი ვჯობივართ, საერთოდ არ არის ჩვენი ფიქრის საგანი. ჩვენი ოპონენტი და ჩვენი კონკურენტი არის ის საკითხები, პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც დღეს რჩება ქვეყანაში როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების საჭიროება. საგარეო პოლიტიკაში ეს არის ნატო-ში გაწევრიანება, ევროკავშირთან დაახლოება და საბოლოოდ, მასში გაწევრიანება”,- თქვა თალაკვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ „სრულყოფილი სასამართლო ევროპაში არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მაგრამ დღეს ჩვენი სასამართლო არის ბევრად უფრო სამართლიანი და მოქალაქეები სამართალს საკუთარ ქვეყანაში პოულობენ ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“.

თალაკვაძის მტკიცებით, ქვეყანაში სასამართლო სისტემის განვითარება სწორი მიმართულებით მიდის.

„საქართველოს სასამართლო სისტემა არის მე-18-ე ადგილზე ევროპის 20 ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილ სასამართლო სისტემას შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, სასამართლო სისტემის განვითარება მიდის სწორი მიმართულებით, ჩვენ ამ რეფორმებს განვაგრძობთ, ჩვენ არ გვითქვამს, რომ დასმულია წერტილი და ეს სამუშაო დასრულებულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.