პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მივიდა. შესვლამდე კი განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მისი პარტიის პოზიცია “ურყევია”.
„მთავარი შეკითხვა ყველამ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, პოლიტიკოსებმაც და ჩვენმა საზოგადოებამაც, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება?! ქვეყანაში, სადაც არჩევნებს აყალბებენ, ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ და შევდივართ პარლამენტში თუ გვინდა ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ბოლოს და ბოლოს ვატარებთ სამართლიან არჩევნებს?! ჩვენი პარტიის პოზიცია არის მყარი, ჩვენ ცალკე ფორმატში შევხვდებით ელჩებს, სხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი პოზიცია არის ურყევი. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს”,– ამბობს ინაშვილი.
მისივე განცხადებით, ოპოზიციას პარლამენტში ბერკეტები წაართმეული აქვს, ამიტომ მთელი პოლიტიკური სისტემა შესაცვლელია.
“ჩვენ არ გვინდა დავუშვათ ფაქტი, რომ ყალბდება არჩევნები ქვეყანაში – ამაზე ყველა თვალს ხუჭავს და შევდივართ პარლამენტში და მხიარულად ვაგრძელებთ მუშაობას, სადაც სხვათაშორის ოპოზიციას ყველანაირი ბერკეტი წაართვეს საპარლამენტო საქმიანობის დამახინჯებული რეგლამენტის მიღების შედეგად. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. მთელი პოლიტიკური სისტემაა შესაცვლელი და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ნორმალური პოლიტიკური სისტემა ავაშენოთ ქვეყანაში“, – განაცხადა ინაშვილმა.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. დღეს მათი ნაწილი ფასილიტატორ ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდება.