ჩვენი პრიორიტეტია მოქალაქის ჯანმრთელობა, წინ ვერ დავაყენებთ ბიზნესს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ სტატისტიკურ მონაცემებზე.

მისი თქმით, ბიზნესის ინტერესები ჯანმრთელობაზე წინ ვერ დადგება.

„ბაზრობებს ჰქონდათ სურვილი, რომ რაც შეიძლებოდა დროულად გახსნილიყვნენ. ჩვენ შევეცადეთ დეტალურად აგვეხსნა, თუ როგორ განვსაზღვრეთ გახსნის თანმიმდევრობა. ისინი საკმაოდ გაგებით მოეკიდნენ გადაწყვეტილებას და ჩვენ შევთანხდმით, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და სტატისტიკაზე. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, ბაზრობების გახსნაზე ვიმსჯელებთ…

ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტია საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ პრიორიტეტებიდან და იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ნამდვილად ვერ დავაყენებთ უფრო წინ ბიზნესის საკითხებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. “, – განაცხადა ტიკარაძემ.