ჩვენი რეკომენდაციაა, ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს – დეგნანი ინსპექტორს შეხვდა

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. ელჩმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსხურის გაუქმების პროცესი “წარიმართა ყოველგვარი კონსულტაციებისა და გამჭვირვალობის გარეშე”.

მისივე განცხადებით, ახალი კანონის მიხედვით, მარტიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, რაც ყველაზე პრობლემატურია.

“მაშინ როდესაც არანაირი კითხვის ნიშანი და საჩივარი ამ ადამიანების მიმართ არ ყოფილა, ყველა მათგანი არის ამ სფეროს ექსპერტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს და კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმიანობას. ეს იქნება სამწუხარო, თუ ეს ადამიანები ვერ შეძლებენ, გააგრძელონ თავისი მნიშვნელოვანი მუშაობა”,– ამბობს დეგნანი.

აშშ-ს ელჩი მოუწოდებს პარლამენტს, პროცესი შეანელოს და ინკლუზიური გახადოს.

“ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია იქნება პარლამენტის მიმართ, რომ გარკვეულწილად ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ რეორგანიზება მიდის ინსპექტორის სამსახურის, ეს წარიმართოს ინკლუზიური პროცესით. მასში გათვალისწინებული იყოს რეალური შეთავაზებები, რომელიც მიმართულია ამ სამსახურის გაძლიერებისკენ და ამ პროცესში ჩაერთოს როგორც ინსპექტორის სამსახური, ისე ექსპერტები და დაინტერესებული პირები, რათა რეალურად გაუმჯობესდეს არსებული სამსახური,– განაცხადა კელი დეგნანმა.