ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას – ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს– ასე პასუხობენ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შუამავალი დიპლომატები ქართული ოცნების ლიდერების დღევანდელ განცხადებას.
დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია:
„8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.
მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების შუამავალ ელჩებს მოუწოდა საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.