ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება საქართველოში პოლიტპატიმრების არარსებობაზე თანხმდება, ,,უპასუხისმგებლო” ოპოზიცია კი ამ თემით მანიპულირებს.
“საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მათ არც მაშინ უნდოდათ, კონსენსუსი შემდგარიყო და ეს მათთვის იყო იძულება, მე მათ მოვუწოდებ, არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგან მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.
ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში და პროცესში პოლიტპატიმრებზე ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ვისაც სურს, ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია, რომ კონსენსუსი არ იყოს მიღწეული”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.
გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შუამავალმა დიპლომატებმა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ერთობილი განცხადებით უპასუხეს. მათი თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც უნდა შესრულდეს.
,,ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – წერია განცხადებაში.
მანამდე არჩილ თალაკვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, თალაკვაძემ მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებისგან მოითხოვა იმის საჯაროდ დადასტურება, თუ რა შეთანხმება შედგა მოლაპარაკებაზე.
“ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას“–ასეთი იყო დიპლომატების პასუხი ამ მოწოდებაზე.