ჩვენი შეგნებული არჩევანია არა ძალადობრივი ქმედებები, არამედ მტკიცე წინააღმდეგობა, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს – ელენე ხოშტარია

“ჩვენი შეგნებული არჩევანია არა ძალადობრივი ქმედებები, რაც გვინახავს 90 იანებში, არამედ პრინციპული და მტკიცე წინააღმდეგობა, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს” –  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

“ბრძოლის ტაქტიკებზე კამათი, კრიტიკა, კითხვები და აშ არა თუ სასარგებლო, არამედ აუცილებელიც არის. ამიტომ ჯანსაღი გარემოს დასამკვიდრებლად ეს ნორმა უნდა იყოს. ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ ყველა გადავიჩეხებით.

ამასთანავე, ამ კამათში მნიშვნელოვანია იმ ერთობის სულისკვეთების შენარჩუნება, რაც კრიტიკულია ბრძოლისთვის. ამიტომ ერთმანეთს გულისყურით და პატივისცემით უნდა ვუსმინოთ. სწორეს ასე ვიღებ ყველა გამოთქმულ აზრს ნებისმიერ ეთერზე.
რაც შეეხება გუშინდელ ეთერს.

რა თქმა უნდა, თავშიც არ მქონია რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე საუბარი, გამიკვირდა როდესაც ერთ-ერთმა ჯგუფმა, ერთობამ, რაიმენაირად ეს თავის თავს დაუკავშირა. გუშინ ვცდილობდი ამეხსნა, რომ ის რომ თვეები გავიდა ბრძოლაში არ ნიშნავს არც ფუჭად დაკარგულ დროს და არც უშედეგობას, რადგან ჩვენი შეგნებული არჩევანია არა ძალადობრივი ქმედებები, რაც გვინახავს 90 იანებში, არამედ პრინციპული და მტკიცე წინააღმდეგობა, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს. ეს წჯნააღმდეგობა არ ნიშნავს ‘პეპლებს’, ან როგორ უნდა ნიშნავდეს, როცა მე თვითონ არაერთ ფიზიკურ დაპირისპირებაში ვყოფილვარ მოძალადე პოლიციელებთან და ასე იქნება სულ, რადგან ეს სამართლიანი და სწორია.

რადგან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ეტყობა კარგად ვერ გამოვხატე.

არის წითელი ხაზები, რომელიც არცერთ ჯგუფს არცერთხელ არც დაურღვევია და არც დაარღვევს, მჯერა, და არის ბრძოლის ტაქტიკა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმსჯელოთ.
ამიტომ კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ცარიელ კარს ნუ ამტვრევთ.
პატივისცემა ყველა თანამებრძოლს” – წერს ელენე ხოშტარია.