“გასული წლის იანვარში პოლიტიკა დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ, რაც, ბუნებრივია, იყო ძალიან დიდი დანაკლისი პოლიტიკური გუნდისთვის, მისი პოლიტიკური კაპიტალის გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში ერთადერთი, რასაც შეეძლო ამხელა დანაკლისის კომპენსირება, იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ერთიანობა, სწორედ ეს შევძელით ჩვენ. პირველ რიგში, შევძელით სწორი ურთიერთობებით და მეგობრული ურთიერთობებით.

დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდი შედგება ძლიერი ლიდერებისგან და ამ სიძლიერესთან ერთად, მნიშვნელოვანია ის, რომ არის სრული კოორდინაცია და მეგობრული ურთიერთობები გუნდის ლიდერებს შორის. სწორედ ეს არის საიდუმლო იმ წარმატებისა, რომელიც გვქონდა ჩვენ გასული 1 წლის განმავლობაში, სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ პოლიტიკური პრობლემების გადალახვა.

პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყავით 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა, რაც გახდა საფუძველი ამ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დაძლევისათვის და შემდეგ წარიმართა პოლიტიკური პროცესები ისე, რომ მთლიანობაში ოპოზიცია დასუსტდა და გამოეცალა ყოველგვარი საფუძველი საუბრისათვის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. და, რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტი როლი შეასრულა ოქტომბრის მუნიციპალურმა არჩევნებმა, მართალია, ანულირებული იყო იმ დროისთვის ეს დოკუმენტი, მაგრამ ვირტუალური 43%-იანი ბარიერი მაინც იყო რაღაც კუთხით ძალაში და შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ ვირტუალური ბარიერის გადალახვა და ჩვენ, გუნდის ერთიანობით, მოვახერხეთ ამ ბარიერის დაძლევა და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკური გამოწვევები სათანადოდ დავძლიეთ”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტვ იმედის ეთერში.