ვახო სანამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია პირველი დატოვეს. მათ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრის” დასასრულს განაცხადეს და მაყურებელს დაემშვიდობნენ.
ტვ პირველს პოლიტმეტრის ავტორებთან ერთად ტოვებს მისი სარედაქციო შემადგენლობა, პროდუსერები და ჟურნალისტები.
“მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის ხელძღვანელობის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. ტვ პირველზე ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები, არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩართულები ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ, აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის რაც ჟურნალისტური, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით ტვ პირველზე ხდება. არ მოგწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. მოკლედ, დღეს 5 წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა”,- თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მაყურებელი მათ ახალ სივრცეში მალე იპოვის, თუმცა ჯერ არ აკონკრეტებენ, რომელ ტელევიზიაში გადაინაცვლებენ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც არხზე ნოდარ მელაძე მივიდა, ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ არხისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა და საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს.