ჩვენი ხელისუფლება უკრაინას ეუბნება: თუ გადარჩი მეგობრობა გავაგრძელოთ, თუ ვერ გადარჩი ვერაფერს ვიზამ და „სლავა უკრაინი“ – ხუხაშვილი

ჩვენი ხელისუფლება უკრაინას ეუბნება: თუ გადარჩი მეგობრობა გავაგრძელოთ, თუ ვერ გადარჩი ვერაფერს ვიზამ და „სლავა უკრაინი“  – ამის შესახებ, ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა, “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„უკრაინის ასეთი ფორმით მხარდაჭერა, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ამ ყველაფერს ეძლევა შიდა პოლიტიკური განზომილება და ფაქტობრივად, საზოგადოების კიდევ ერთხელ დაპირისპირება ხდება, რა თქმა უნდა, ცუდია. ეს არის პასუხისმგებლობის ის წილი, რაც ოპოზიციამაც უნდა გაინაწილოს.

ბევრ ქვეყანაში უკრაინის თემა პარტიული კონსოლიდაციის თემა გახდა. ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა. შეერთებულ შტატებში არჩევნები მოდის და შესაბამისად, საკმაოდ მწვავე დებატებია რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის. ამ თემასთან დაკავშირებით კი სრული კონსენსუსია. წუხელ გამოვიდა ბაიდენი და „რესპუბლიკელები“, რომლებსაც ძალიან არ უყვართ ბაიდენი და ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს. ეს არის ცივილიზებული საზოგადოება. ჩვენთან ასე არ ხდება. ამაში თავისი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს. მთავარი პასუხისმგებლობა, ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე ხელისუფლების კისერზეა. უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს. ჩვენი ხელისუფლება მთელ თავის პოლიტიკას აგებს შიშზე ძლიერის მიმართ. ფაქტობრივად, წინასწარი კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული. კარგად გვესმის, რომ რაც უკრაინაში მოხდება, ის ჩვენთანაც განმეორდება. არავინ თხოვს ამ ხელისუფლებას, რომ ომში ჩავერთოთ. ხელისუფლების პროპაგანდა, რომ პრინციპული პოზიციაც კი საფრთხის შემცველია რომ რუსეთმა აგრესია დაიწყოს საქართველოს მიმართ მტკნარი სიცრუეა, სამარცხინო პოზიციაა. ყველა რისკის ქვეშ დგას, დასავლეთის ქვეყნებიც რისკის ქვეშ დგანან რუსული აგრესიის პირისპირ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შენ პრინციპულობას თავი უნდა დაანებო.

ჩვენი ხელისუფლება უკრაინას ეუბნება: – ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ. ვიცი, რომ გკლავენ, მაგრამ რა ვქნა, ხმას ვერ ამოვიღებ. თუ გადარჩი გავაგრძელოთ მეგობრობა, თუ ვერ გადარჩი ვერაფერს ვიზამ და „სლავა უკრაინი“. ასეთი სამარცხივნო პოზიცია აქვს, რასაც კონკრეტული შედეგი მოჰყვა. ნუ იტყვით, რომ უკრაინის ელჩის გაწვევა განპირობებული იყო ოპოზიციის ყვირილით, ამას ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ. უკრაინის ელჩის გაწვევა დიდმა სურათმა გამოიწვია, ჩვენი ქვეყნის პოზიციამ“,- აცხადებს ხუხაშვილი.