სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი საქართველოსა და სომხეთს შორის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაში დიდი სხვაობის ახსნას ცდილობს.
დღეს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ინიცირებულ ონლაინ განხილვაზე მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში დღემდე მოქმედებს უფრო მკაცრი და ორგანიზებული შემზღუდავი ზომები, რომლებიც ამავე დროს გავლენას ახდენს ფასების ინფლაციაზე და ვალუტის კურსზე. ამასთან როგორც ტოროსიანმა აღნიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის განსხვავებებია კორონავირუსთან დაკავშირებით გამოყენებულ მეთოდოლგიაზე.
ამავე დროს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს, საქართველოს სტატისტიკა აეჭვებს:
„როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ. ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება? თუ სინამდვილეში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა არ ხდება?“ – განაცხადა მინისტრმა.
ტოროსიანმა დღეს რამდენიმე კითხვა დასვა: გამოიყენება თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო სომხეთში პრაქტიკულად არ ხმარობენ. მინისტრს აინტერესებს ასევე, უტარდებათ თუ არა კორონავირუსზე ტესტირება იმ პირებს, ვისაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და შედიან თუ არა სტატისტიკურ მონაცემებში ისინი, რომლებიც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, მაგრამ COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.
Arminfo-ს ცნობით, ორი ქვეყნის შედარებისას სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის ჯანდაცვის სისტემა ქართულზე ძლიერია:
„საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი თვალსაზრისით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
Arminfo-ს თანახმად, არსენ ტოროსიანი დაინტერესდა იმითაც, შეძლებენ თუ არა საქართველო და სხვა ქვეყნები კოვიდ-19-ის გავრცელების არსებული მონაცემების შენარჩუნებას ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ.
სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5928 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2874, გარდაცვლილია – 74.
საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 723 ადამიანს, გამოჯანმრთელებულია 495, გარდაცვლილია – 12.