ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ახალი საქართველოს ლიდერს, გიორგი ვაშაძეს არ აქვს საკმარისი ნდობა იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრი გახდეს. მისი თქმით, ნდობის დაკარგვა ნაციონალურ მოძრაობაში იმან გამოიწვია, რომ მან გუნდს უღალატა.
“ჩვენგან გავიდა ყველაზე მძიმე მომენტში, ბუნებრივია ნდობას დავკარგავდით, ეს , რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ღალატია. როდესაც გამოდის ღარიბაშვილი და ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას რადარებიდან გავაქრებ და ივანიშვილს გაცხადებული აქვს პოლიტიკა, რომ ენმ-ს მოვაშთობ, ამ ვითარებაში რომ ვიღაცა შენგან გავა გუნდის [ღალატია].
კიდევ, მაგალითად, რანაირად უნდა გამოგივიდეს ადამიანს, როდესაც პარაშენკო მიხეილ სააკაშვილს ქეჩოში ექაჩება და პანღურით ქვეყნიდან აგდებს, იმის შტაბში რანაირად უნდა იყო?!”,- ამბობს ბარამიძე ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, გიორგი ვაშაძე ნიჭიერი და ენერგიული ადამიანია, მაგრამ ძალიან ჩქარობს.
“არ არის ადეკვატური ახლა თანამდებობაზე ლაპარაკი. ჩვენთვის სირცხვილია, როცა ხალხი არის შიმშილისგან გადასარჩენი”,- აღნიშნავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დაყენებაზე თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უარყო.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ ყოფილა განხილული არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში განიხილება”, — თქვა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის განცხადებას ვაშაძემ უპასუხა და თქვა, რომ თავისი კანდიდატურა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ჯერ არ დაუყენებია.