”ჩვენ არ ვცხოვრობთ და არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით!”- არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და რუსული კანონის ამოქმედებას გმობენ.
“ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს – სამოქალაქო საზოგადოების ფონდს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, საფარს, მომავლის აკადემიას“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს – რომელთა წინააღმდეგაც 17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ, მურუსიძის სასამართლოს გამოყენებით, მიმართა ყოვლისმომცველი და კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნით.
ეს მოთხოვნა არ ეფუძნება არც სამართლებრივ საფუძველს და არც ლეგიტიმურ ინტერესს. იგი წარმოადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმს და მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს ჩვენს ბენეფიციარებზე – მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, ძალადობის მსხვერპლზე, უმცირესობებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე – პირად, საბანკო, სამედიცინო და სოციალური მონაცემებს. მათი დაცვა ჩვენი პროფესიული და მორალური ვალდებულებაა.
ჩვენ ვაცხადებთ მკაფიოდ და ერთხმად – ამ ბრძოლაში არავინ რჩება მარტო. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ეს იდეოლოგიური და ინსტიტუციური დევნა წარმოადგენს რუსული მოდელის პირდაპირ კოპირებას. ჩვენ არ დავუთმობთ საქართველოს მომავალს – არც ივანიშვილის რეჟიმს, არც მურუსიძის სასამართლოს, არც პუტინისა და ლუკაშენკოს ავტორიტარულ სისტემას.
ჩვენ ვიბრძვით ერთად – ერთმანეთისთვის, ჩვენი ბენეფიციარებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის.
ჩვენ არ ვცხოვრობთ და არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.