ქართული ოცნების ლიდერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. მისი თქმით, ამ ფონზე ოპოზიციის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა რჩება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.
წულუკიანი ამბობს, რომ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს რუსეთის აგენტად მიიჩნევს, რაც შემაშფოთებელია. იუსტიციის ყოფილი მინისტრის აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ბატონი კოქსის ინფორმაცია არ დაემთხვა სააკაშვილის განცხადებას, რომ “არჩევნებში მან გაიმარჯვა”.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა, ამიტომ პარლამენტიდან შეებრძოლებიან იმას, რომ არავის ჰქონდეს შესაძლებლობა, გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები.
წულუკიანი ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, რომელიც ოპოზიციაშია გაერთიანებული, ან “სააკაშვილს ლიდერად არ მიიჩნევს”, შეაფასონ სააკაშვილის ქცევა, დაადასტურონ რომ მისაღებია, ან გაემიჯნონ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ აშშ-სთან თანამშრომლობა უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზე აიყვანა.