ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს – ილია მეორე

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს. განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყოველთა წმინდანთა კვირიაკეს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.

“ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო უცხოეთში ეძებდა არა სიმდიდრეს, ოქროსა და ვერცხლს, არამედ ეძებდა მადლსა. ყოვლადწმინდა სამება აძლევდა მადლს და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს.

როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი, ჩვენებით ვნახე ჩემი ძმა გარდაცვლილი და ვკითხე მას: „თეიმურაზ, ლოცულობ ჩვენთვის?“ – ვლოცულობო და მიმითითა საქართველოს დიდებაზე, – „ეს ხალხი, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო“. „საქართველოს დიდება“ ძლიერი ხატია, ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი, დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო.

რა არის წმინდანი?! დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. წმინდანი, რომელიც არ არის კმაყოფილი დღევანდელი დღით, არსებული მდგომარეობით. წმინდანი – ეს არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი. გისურვებთ თქვენ ყველას, რომ ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე.

მრავალი მაგალითია ჩვენ წინაშე. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება და წმინდა ნიკოლოზსს უწოდებენ სწრაფ დამხმარეს და სასწაულთმოქმედს. მე, პირადად, არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა.

წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიონ თქვენ და საქართველოს”, – განაცხადა პატრიარქმა