“ჩვენ დავიბრუნებთ ამერიკას!“– ტრამპის პირველი მიტინგი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ

აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდამჭერების პირველი მიტინგი ჩაატარა მას შემდეგ, რაც 2021 წლის იანვარში პოსტიდან წავიდა. მან ჯო ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა.

მიტინგი ლოზუნგით “გადავარჩინოთ ამერიკა“ ოჰაიოს შტატში, ველინგტონში ჩატარდა. ტრამპმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, რომელიც  კვლავ 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებით დაიწყო.

მან მიანშინა, რომ შეიძლება პრეზიდენტად კენჭი მესამედაც იყაროს. “ჩვენ ორჯერ მოვიგეთ არჩევნები, და შესაძლოა ეს მესამედაც გავაკეთოთ“– თქვა აშშ–ს ექსპრეზიდენტმა სცენიდან.

მისი მონაწილეობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყდება იურიდიული პრობლემები, რომლებსაც ტრამპი შეეჯახა. მანჰეტენის საოლქო პროკურორის ოფისში ტრამპის ადვოკატებს აცნობეს, რომ განიხილავენ სისხლის სამართლის საქმის შესაძლო აღძვრას ტრამპის ოჯახურ ბიზნესთან დაკავშირებით. ამის შესახებმ პარასკევს New York Times წერდა.

მიტინგზე ტრამპი იმ თემებს შეეხო, რომლებზეც ადრეც ბევრს საუბრობდა, პირველ რიგში მიგრანტების რიცხვის ზრდას, რომლებიც ქვეყანაში მექსიკის საზღვრიდან ხვდებიან.

“ჩვენთან ქვეყანაში მილიონობით ადამიანი ჩამოდის. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ისინი“– თქვა ტრამპმა და ხაზი გაუსვა, რომ ჯო ბაიდენის ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის მიერ გატარებულ საიმიგრაციო პოლიტიკას არაადამიანურს უწოდებს.

მართალია ჯერჯერობით ტრამპის მიზნები გაურკვეველია, მან მხარდამჭერებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ რესპუბლიკელებს, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში და სენატში იყრიან კენჭს.

“ჩვენ დავიბრუნებთ კონგრესს, დავიბრუნებთ ამერიკას და ამას მალე გავაკეთებთ“– თქვა მან.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა ის საჯაროდ მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებებზე გამოდიოდა. ოჰაიოში გამართული მიტინგი მისთვის პოსტიდან წასვლის შემდეგ  პირველი მასობრივი ღონისძიებაა.

კერძოდ, მან მხარი დაუჭირა თანამებრძოლ მაქს მილერს, რომელიც მოქმედი კონგრესმენის, ენტონი გონზალესის წინააღმდეგ აპირებს კანდიდატურის წამოყენებას. გონზალესი ერთ–ერთია იმ 10 რესპუბლიკელიდან, რომლებმაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის გამო ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი.

სავარაუდოდ ტრამპი კიდევ ორ მიტინგში მიიღებს მონაწილეობას. როიტერის ცნობით ექს პრეზიდენტის მომხრეებს იმედი აქვთ, რომ ასეთი ღონისძიებები ტრამპს რესპუბლიკური პარტიის შედუღაბებაში დაეხმარება და ყოფილი პრეზიდენტის თანამოაზრე კანდიდატების მხარდაჭერას განაპირობებს.