“ევროპულმა საქართველომ” დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მისი პარტიის 20 ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და კენჭისყრაში მონაწილეობით პროპორციული საარჩევნო სისტემა გადაარჩინეს.

მისი თქმით, კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერენ, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს და 8 მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს.

„დღევანდელი განხილვებიდან და გამოსვლებიდან ჩანდა, რომ არსებობდა ძალიან მაღალი საფრთხე, პროცესები წასულიყო ნოემბრის სცენარით, როდესაც „ოცნების“ ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ ხმები იყო და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნისა და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის.

ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის სრულიად მკაფიო, ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებს, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით მთლიანად 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს. ამიტომ, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. ჩვენ დღევანდელი კენჭისყრით უზრუნველვყავით, რომ პროცესი დაიწყო და გაგრძელდა. ახლა არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, თუ ისინი 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებენ, ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ მეორე, მესამე მოსმენით, თუ არა შედეგებზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნება“ იქნება“,-აცხადებს ბაქრაძე.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.