პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ქართველ საზოგადოებას არასდროს ჰქონია მოსამართლის იმედი.
მისი აზრით, ქართველებს მხოლოდ ერთი მოსამართლე, ილია ჭავჭავაძე ჰყავდათ.
„ჩვენ, ფაქტობრივად, ერთადერთი მოსამართლე გვყავდა. მე ილია ჭავჭავაძის გარდა, ერთი მოსამართლე არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა და კონფლიქტების მოგვარება უნდოდა. შემდეგ კომუნისტები მოვიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს და მოსამართლეებს ადამიანები დაეცვათ, მთავარი შეცდომა დავუშვით და მართლმსაჯულების განხორციელება კომუნისტების მონებს მივანდეთ.
საბჭოთა მოსამართლეები მონები იყვნენ, კლოუნი მონები, რომლებიც ადამიანთა ინტერესებს კი არ ითვალისწინებდნენ და ადამიანებს კი არ იცავდნენ სისტემისგან, არამედ, პირიქით, სისტემას იცავდნენ ადამიანებისგან. ამ სასამართლოს ხელით ჩავიდინეთ ყველაზე სამარცხვინო დანაშაულები, რაც ჩაუდენია საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთის წინააღმდეგ და მაინც ვერაფერი ვისწავლეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს სამართალმემკვიდრეა, რომელსაც არასდროს აინტერესებდა მტყუან-მართლის გარჩევა.
„ამ ქვეყანაში ადამიანი არ არსებობს, რომელიც დაცულია. ჩვენ ყველამ ვიცით, მათ შორის თქვენც, პარლამენტის წევრებმა, რამე რომ შეიცვალოს ზუსტად ის დაგვემართება ყველას, რაც ნიკა მელიას დაემართა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. აქ, დარბაზში მსხდომ ხალხსაც კი არ აქვს იმის უნარი, რომ მართლმსაჯულება და სამართლიანობა დაიცვას, მაშინ, როდესაც სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში“, – თქვა ხვიჩიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ხვალ აირჩევიან წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ ისინი არ აირჩევიან ადამიანის უფლებების დასაცავად, არამედ სისტემის გასამყარებლად.