ჩვენ ვართ უაღრესად კომპრომისულები – “ქართული ოცნების” დეპუტატი

ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკებებზე “უაღრესად კომპრომისულია”.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ ზოგიერთი ფუნდამენტური საკითხი უკვე შეასრულა, სხვებზე კი ახლა მუშაობს.

“ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის. ვართ უაღრესად კომპრომისულები და საქმიანი წინადადებებით მივდივართ ყველა საკითხთან მიმართებაში.

საზოგადოებამ მოუსმინა დანიელსონის ბრიფინგს, სადაც მან ხაზი გაუსვა რამდენიმე საკვანძო საკითხს, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, კოვიდ პანდემია, პოსტკოვიდის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის საკითხი, ასევე მან ისაუბრა ისეთ ფუნამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ა.შ. ყველა ამ საკითხიდან “ქართულმა ოცნებამ” ზოგიერთი შეასრულა, ზოგიერთზე მიმდინარეობს მუშაობა,”- განაცხადა ღუდუშაურმა.