ჩვენ ვიღუპებით ევროპისთვის, მაგრამ გვჭირდება სამხედრო საშუალებების აუცილებელი არსენალი – კასიანოვი

“ჩვენ ვიღუპებით ევროპისთვის, მაგრამ გვჭირდება სამხედრო საშუალებების აუცილებელი არსენალი” – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

„დღეს, როგორც იცით, რუსეთმა ჩაიდინა ბირთვული ტერორიზმის აქტი. რუსეთმა თავდასხმა განახორციელა ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე. არსებობს მსოფლიო მასშტაბის ბირთვული კატასტროფის საფრთხე. იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. აგრესორი განაგრძობს უკრაინის თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას, მათ შორის სკოლების, საბავშვო ბაღების, სამშობიაროების, საავადმყოფოების. ყველა ეს ქმედება კლასიფიცირდება, როგორც ომის დანაშაულები.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და ზეწოლა გაგრძელდეს. ამიტომ, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გააგრძელონ რუსეთზე ზეწოლა. უკრაინა მზადაა დაიცვას ყველა ევროპული ქვეყანა, მაგრამ ამისთვის, ჩვენ გვჭირდება სამხედრო საშუალებების აუცილებელი არსენალი. მნიშვნელოვანია უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების, საჰაერო თავდაცვის თანამედროვე საშუალებების მიწოდება იმისთვის, რომ მტრის სამიზნეებზე თავდასხმა განვახორციელოთ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, „სტინგერები“ კარგია, მაგრამ არა საკმარისი, ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო ძლიერი საშუალებები, რომ დავიცვათ ჩვენი ცა. მან ასევე მოუწოდა ნატო-ს წევრებს, რომ დახურონ უკრაინის საჰაერო სივრცე არასაფრენი ზონის დაწესების გზით. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ეს არის ის, რაც ჩვენ დაგვეხმარება და ეს არ გამოიწვევს ნატო-ს ქვეყნების ომში ჩართვას,“ – აღნიშნა დიპლომატმა.