”ეს კაცი პოლიტიკიდან გავიდა. არამარტო ფაქტს ვერ გვეუბნებიან, როგორაა ის კაცი ჩარეული პოლიტიკაში, აღქმის დონეზეც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ეს. დახურულ შეხვედრებზე ვეკითხებით ხოლმე – როგორ წარმოგიდგენიათ, რას აკეთებს ეს კაცი? რას შეიძლება აკეთებდეს ეს კაცი? კეზერაშვილზე ვიცით, მაგრამ ჩვენ კაპიკი ფული არ აგვიღია ამ კაცისგან. მთელი ამ წლების განმავლობაში კაპიკი ფული არ აგვიღია მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო.
ანუ ეს კაცი ყოფილა გენიოსი? ფულს არ გვაძლევს. მითითებებს გვაძლევს და რა? ის, რომ ეს კაცი ვინმეს რჩევებს აძლევს და ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ღიმილისმომგვრელია. მაშინ ეს კაცი უნდა ვაღიაროთ გენიოსად. კი, ყველა აღიარებს, რომ მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამას სჭირდება ზეადამიანური გენიალური თვისებები ანუ, ზეადამიანური გენიალური თვისებები უნდა გქონდეს, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო ზარით მართო სახელმწიფო. საოცრებაა. წარმოსახვის დონეზეც ვერ გვეუბნებიან, როგორ შეიძლება ის იყოს ჩართული პოლიტიკაში.”
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.