ჩვენ პიკში ვართ, გიდასტურებთ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკშია.

მისივე თქმით, შეინიშნება მცირე სტაბილიზაციის ელემენტი, თუმცა ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„ჩვენ რომ პიკში ვართ, გიდასტურებთ. მე გითხარით, რომ არის ძალიან პატარა სტაბილიზაციის ელემენტი. გაზრდილი ტესტირების რიცხვთან გამოვლენილი შემთხვევების შეფარდება არის თითქმის ერთ დონეზე, ანუ დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ დაიძრა ქვემოთ, რაც გარკვეულად პოზიტიური ელემენტია, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საფუძველს, ნამდვილად, არ გვაძლევს. ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში ეს მასობრივი ტესტირება უნდა გავაგრძელოთ და შეიძლება კიდევ მეტზეც ავიდეთ და ვნახოთ ამის საფუძველზე თუ როგორი იქნება დადებითობის მაჩვენებელი. წესით ის თანდათანობით უნდა შემცირდეს თუ ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია,“- თქვა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვლა, დადასტურდა ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა, ხოლო 3 045 პირი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 178 953
  • გამოჯანმრთელებულია – 148 332
  • გარდაცვლილია – 1 657
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 1 019
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 524
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი