ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, რათა იმ ქვეყნების სიაში მოვხვდეთ, ვისაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის.
თურნავას განმარტებით, რეგულარული ფრენების დაშვება ეპიდემიოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვის გახანგრძლივების, თუმცა ძალიან ინტენსიური ჩარტერული ფრენები გვაქვს შენარჩუნებული. რას ნიშნავს რეგულარული ფრენების დაშვება – შარშან ჩვენ ამ დროს კვირაში გვქონდა 600 რეგულარული ფრენა 80–ზე მეტი მიმართულებით. ჩვენ რომ დაგვეშვა ახლა რეგულარული ფრენები, თუნდაც იმ ვარაუდით, რომ მთლიანად არა და 1/3 ფრენები მაინც გვქონოდა რეგულარული, 200 ფრენა წარმოიდგინეთ კვირაში, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც ვერ დავუშვებდით”,– ამბობს თურნავა.
მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპასთან ჩარტერული რეისებით აქვს კომუნიკაცია.
ცნობისთვის, BBC–მ გამოაქვეყნა 14 ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირი 1 ივლისიდან ოფიციალურად გახსნის საზღვრებს. მათ შორის არის საქართველოც.
თურნავამ 25 ივნისს განაცხადა, რომ “ალბათ, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება”. მან აღნიშნა, რომ “არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ახლა რომ სრული მასშტაბით გაგავეხსნა ფრენები”.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოქალაქეებს მოუწოდეს, ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.