ჩვენ ფრიად უარყოფითად ვაფასებთ თქვენი ინსტიტუციის მუშაობას. არაფერი პირადული, თქვენ ამას გრძნობთ“, – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა დავით ზილფიმიანმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.ზილფიმიანმა დავით გარეჯის თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება საზიანო პოლიტიკას ატარებდა.
„ჩვენ, ფრიად უარყოფითად ვაფასებთ თქვენი ინსტიტუციის მუშაობას. არაფერი პირადული, თქვენ ამას გრძნობთ. როგორ მოხდა რომ მათ შორის, აზერბაიჯანთან ამდენი წლის განმავლობაში მოუგვარებელია დავით გარეჯის საკითხი. ის აშკარად საზიანო პოლიტიკა, რასაც ატარებდა წინა ხელისუფლება და რამაც გამოიწვია ე.წ. სტრატეგიული სიმაღლეების მეზობლისთვის მიწოდება, გაუგებარია. თუ სტრატეგიული პარტნიორია, რა სტრატეგიულ სიმაღლეებზე იყო ლაპარაკი? ეს თქვენ არ მოგეთხოვებათ. თქვენ მოგეთხოვებათ ის, რომ 9 წლის განმავლობაში, როგორ შეიძლებოდა ეს საკითხი, კვლავ ასე მძაფრად დამდგარიყო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ერთბაშად ამ საკითხსაც ვაყენებ. მტერი ქვეყნები ახერხებენ სასაზღვრო ძალების დაშორიშორებას, მგონი, შეიძლება მოვახერხოთ, რომ დროებით, სანამ საკითხი განხილვაშია დავაშოროთ ჯარები მხოლოდ იმ ზონაში“,-აცხადებს ზილფიმიანი.