ზოგადად, საზოგადოება ცხვრები ვართ, მაგრამ ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები, პოლიტიკურ ცილისწამებას, ბრალდებას, ხელის გაშვერას და მითუმეტეს, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება. ხალხი უკვე ნელ-ნელა შეეჩვია ამას, წესიერი ადამიანი გაარჩევს სიმართლეს და ტყუილს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტი განმარტავს, ის გამოძიებას ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკრული ნათქვამით ადამიანის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება არასწორი საქციელია.
„ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავყოთ, როცა ლაპარაკია კრიმინალურ დანაშაულზე და როდესაც ადამიანი პატიმრობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. როცა კრიმინალურ დანაშაულზეა ლაპარაკი, ერთმანეთისგან უნდა გავყოთ კრიმინალური გამოძიება და ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება. მინდა გითხრათ, რომ თქვენ, ჟურნალისტებს ნამდვილ ინფორმაციაზე წვდომა არ შეიძლება რომ გქონდეთ, თქვენ ქმნით რაღაც შთაბეჭდილებას. ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საგამოძიებო სისტემა, ეს ვერ იქნება საჯარო და როცა თქვენ ადამიანს სახელმწიფო ღალატში დებთ ბრალს, თქვენ, თორემ გამოძიება რომ დადებს ბრალს, ამას ყველანი მოვისმენთ, მე მიმაჩნია ეს სრულებით გაუმართლებელ საქციელად. ამიტომ ვერავითარ ნდობას ამ ჟურნალისტურ გამოძიებას ვერ გამოვუცხადებ, მე უბრალოდ არ მჯერა. პროკურატურას, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებ ნდობას, მაგრამ პროკურატურისგან ჯერჯერობით ინფორმაცია ვერ გვექნება, სანამ ძიება არ დამთავრდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.