ჩვენ ყოველთვის ვადიდებდით და ვადიდებთ უფალს – ღარიბაშვილი

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.

მისი თქმით, როგორც უძველესი ქრისტიანი ელი, “ყოველთვის ვადიდებდით და ვადიდებთ უფალს”.

“104 წლის წინ, 1917 წლის 25 მარტს, ქართულმა ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია. დღეს აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს – ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ იმ დროს ეს მოვლენა გახდა ერთგვარი გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ცხოვრებაში. ჩვენ, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერი, ყოველთვის ვადიდებდით და ვადიდებთ უფალს. საუკუნეების მანძილზე ჩვენი გამორჩეული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, ყოველთვის თავდადებით ემსახურებოდნენ ჩვენს ქართულ ეკლესიას და სამშობლოს. ყოველთვის, როცა ჩვენს ერს და ჩვენს ქვეყანას ედგა მძიმე დრო, ისინი ყოველთვის მტკიცედ გამოხატავდნენ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს”,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქი ილია II 40 წელზე მეთია თავდადებით ემსახურება სამშობლოს.

“ასეთი გამორჩეული წარმომადგენელი ჩვენი ქართული ეკლესიისა გახლავთ ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, სწორედ, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს. აძლიერებს, როგორც ქართულ ეკლესიას, ისე ჩვენი ერის სულიერ სიმტკიცეს. ამიტომ მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩვენი პატრიარქის მიმართ, მას მივულოცო დღევანდელი დღე, სრულიად სინოდს, ქართულ ეკლესიას, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს ჩვენი ქვეყნისა და ვუსურვო მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდ ხანს სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”,– თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.