“2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. 2 ოქტომბერს იქნება ტესტი ამ ხელისუფლებისთვის, ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი. თუ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამარცხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ქვეყანას გაუჩნდება შანსი, რომ რაღაც შეიცვალოს.
ჩვენ აქ ვინც ვდგავართ ადამიანები, ვისაც ერთი მხრივ ზუსტად გვესმის, როგორი ქვეყანა გვინდა და რა არის ამ ქვეყანაში შესაცვლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ბევრი განსხვავებაა, არის საკითხები, სადაც ჩვენი ხედვები ცალსახად ერთი და იგივეა. ეს ხედვები ეხება იმას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს ქვეყანა იმისთვის, რომ წინსვლის შანსი გაჩნდეს. გარდა ამისა, ამ ქვეყნის მომავალი გადის იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთთან თანამშრომლობა შევძლოთ სხვადასხვა თემებზე, ისევე როგორც თანამშრომლობა შევძლოთ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე. დღეს, რასაც ახლა აქ ვაკეთებთ, ესეც თანამშრომლობისა და კონსენსუსის ერთგვარი გამოვლინებაა”
განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. დღეს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.