შენჯენი პირველი ქალაქი გახდა ჩინეთში, სადაც ამიერიდან კატების და ძაღლების გაყიდვა სასურსათო მიზნით და მათი საკვებად გამოყენება აიკრძალა.
ჯერ კიდევ თებერვალში ჩინეთის ხელისუფლებამ ველური ცხოველების გაყიდვა და საკვებად გამოყენება აკრძალა, რადგან ვარაუდობენ, რომ მათი ხორცის საკვებში გამოყენების კულტურამ შექმნა პირობები იმ ვირუსის გაჩენისთვის, რომელმაც Covid19 გამოიწვია.
ამიერიდან კი შენჯენში შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ხორცის ჭამაც აიკრძალა. კანონი ძალაში 1 მაისს შედის.
Humane Society International–ის მონაცემებით ყოველწლიურად აზიის ქვეყნებში 30 მილიონ ძაღლს კლავენ საკვებად მათი ხორცის გამოყენების მიზნით.
თუმცა, ჩინეთში მოსახლეობის უმრავლესობა ძაღლს არ ჭამს, მისი ხორცი არასოდეს გაუსინჯავს და არც აქვს სურვილი გასინჯოს.
“ძაღლებმა და კატებმა ყველა ცხოველზე მეტად შეძლეს ადამიანებისთვის ახლობელი და საყვარელი შინაური ცხოველები გამხდარიყვნენ, ამიტომაც ძაღლების და კატების საკვებად გამოყენების აკრძალვა ნორმალური პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში, ასევე ჰონკონგში და ტაივანში. ეს აკრძალვა ასევე შეესაბამება ადამინური ცივლიზაციის სულისკვეთებას და მოთხოვნებს“ – ციტირებს როიტერი ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებას.
ორგანიზაცია Humane Society International, რომელიც ცხოველების ინტერესებს იცავს ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება.
“ეს შესაძლოა ნიშანდობლივი მოვლენა გახდეს ამ საშინელ მოვლენასთან ბრძოლაში, რომლის გამოც ყოველწლიურად ჩინეთში 10 მილიონი ძაღლი და 4 მილიონი კატა იღუპება“– განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პიტერ ლიმ.
ამავე დროს ჩინეთში ოფიციალურად დაუშვეს დათვის ნაღველის გამოყენება კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. ჩინურ ტრადიციულ მადიცინაში ნაღველი სამკურნალო საშუალებად ფართოდ გამოიყენება. ნაღვლის სითხეს დათვებს იძულებით აცლიან და ეს პროცედურა მათ დიდ ფიზიკურ ტკივილის აყენებს.
ნაღვლის აქტიური ინგრედიენტი – ურსოდეოქსილოქოლის მჟავა ნაღვლის კენჭის გამოსაყვანად და ღვიძლის სამკურნალოდ გამოიყენება. ჯერჯერობით სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ის კორონავირუსის სამკურნალოდაც გამოდგება არ არსებობს.
ორგანიზაცია Animals Asia Foundation–ის წარმომადგენელი, ბრაიან დეილი ფრანს პრესთან ინტერვიუში აცხადებს: “არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ველური ცხოველებისგან მიღებული საშუალებები, მათ შორის დათვის ნაღველი მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხებაში დაგვეხმარება, რომელიც როგორც ჩანს ველურ ბუნებაშივე ჩაისახა.“– ამბობს ის.
ჩინეთის ხელისუფლებამ გარეული ცხოველების გაყიდვა და საკვებში გამოყენება თებერვალში მას შემდეგ აკრძალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უხანში ვირუსის გავრცელება შესაძლოა ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან დაწყებულიყო, სადაც გარეული ცხოველები და ფრინველები და მათი ხორცი იყიდებოდა. სწორედ იქ შეიძლებოდა ვირუსი ცხოველიდან ადამიანს გადადებოდა.