ავსტრალიის მთავრობა აქტიურად ითხოვს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის წარმოშობისა და მასზე რეაგირების თაობაზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს. შეერთბული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ჩინეთს ღიად აკრიტიკებს.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა კმაყოფილება გამოთქვა იმ რეზოლუციის თაობაზე, რომელიც სამშაბათს იქნა მიღებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიაზე რეაგირების სიღრმისეულ შეფასებას გულისხმობს. რეზოლუცია დანდაცვის მსოფლიო ასამბლეას ევროკავშირმა და ორგანიზაციის სხვა წევრებმა წარუდგინეს. პეინის თქმით, ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის დიდი გამარჯვებაა.
ჩინეთის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერმა კი განაცხადა, რომ ჩინეთი გამოძიებას მიესალმება, თუკი ავსტრალია საერთასორისო საზოგადოების საერთო კონსენსუსს დაუბრუნდება. მისივე თქმით, პეკინი ყოველთვის მიესალმებოდა პანდემიის სიღრმისეულ შესწავლას თუკი ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ორგანიზებული და პროფესიულად და მიუკერძოებლად ჩატარდება.
თუმცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულაც არ არის მიუკერძოებელი. ის საერთაშორისო ორგანიზაციას ხშირად ჩინეთის მიმართ არასაკმარისად მკაცრ მიდგომაში და მეტიც, მისთვის “ხელის დაფარებაში” ადანაშაულებს.
ტრამპი ორგანიზაციისთვის დაფინანსების სამუდამოდ შეწყვეტით იმუქრება. ამ დროისთვის დაფინანსება დროებითაა შეჩერებული.
შეფასება-შემოწმების ჩატარებისთვის კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით არ დასახელებულა, მაგრამ ჩინეთი ამბობს, რომ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს. თუმცა ბევრი ექსპერტი აზრით, ვაქცინის სწრაფად შემუშავების შემთხვევაშიც კი, ვირუსი შესაძლოა ახლო მომავალში არ გაქრეს.
მსოფლიოში კოვიდ-19-ით 5 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, 323 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
წყარო: ამერიკის ხმა