ჩინეთი მსუბუქი მრეწველობის კუთხით უპირატესობას კარგავს, საქართველოს შანსები კი იზრდება – ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, გადაცემაში ფორმაულას ეთერში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და ამ ფონზე, საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ კრიზისების მართვის კუთხით დაგროვილი გამოცდილება სწორად გამოიყენოს და უპირატესობად აქციოს.

„ჩვენი ქვეყნის საუბედუროდ, ბოლო 30 წელს თუ გადავხედავთ ისტორიის, ფაქტობრივად კრიზისიდან კრიზისამდე სიარულია – ეს დაწყებული 90-იანი წლებიდან, გაგრძელებული ჰიპერ ინფლაციით, რუსეთის დეფოლტით, მთავარი სავაჭრო პარტნიორის დაკარგვით 2006 წელს, ომით, მსოფლიო ფინანსური კრიზისით 2009 წელს და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს 10 წლის წინ იგოეთთან რუსული ტანკები იდგა, ამიტომ, კრიზისი რა არის, რა შეუძლია მოიტანოს და რამდენად ცუდი შეიძლება იყოს და ამავე დროს რამდენად სწრაფად შეიძლება მისი გადალახვა, საქართველოს ბევრ მოქალაქეს ახსოვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ეს გამოცდილება ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიმეოროთ შეცდომები და მხოლოდ წარმატების კოპირება უნდა შევძლოთ“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მისი განმარტებით, მთავარი ამოცანაა, საქართველომ შეძლოს და რაც შეიძლება წინ იყოს იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუტებისგან კრიზისის აღმოფხვრის მიზნით, ფინანსური დახმარება შეეხებათ.

„საუბარია იმაზე, რომ 2008-2009 წელთან შედარებით, მსოფლიო წამყვანმა განვითარებულმა ქვეყნებმა გამოყვეს უპრეცედენტოდ დიდი თანხები, მათ შორის აშშ-მ 2,2 ტრილიონი დოლარი გამოყო, ევროკავშირმა – ტრილიონი, ბრიტანეთმა 250 მილიარდი და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის, ამ მატარებელში, ქვეყნების გრძელ სიაში ვიყოთ წინ, სწრაფები, ეფექტურები, რომ ჩვენი წილი საერთაშორისო ფინანსური დახმარება წამოვიღოთ და მივმართოთ ისეთ ინდუსტრიებში, რომლებიც ჩვენ მოგვიტანს შემდგომში უპირატესობას. საქართველო როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპაში, არსებულ წესრიგს ვერ მოერგო, შესაბამისად, არ ვართ ისეთი მდიდრები, როგორც ევროპული ქვეყნებია, მაგრამ ზუსტად ეს წესრიგი იცვლება ახლა“, – განაცხადა სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი აზრით,  იმ ფონზე, როდესაც პანდემიის გამო ჩინეთი მსუბუქი მრეწველობის კუთხით არსებულ უპირატესობას კარგავს, საქართველოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები უჩნდება.

„პირველ რიგში, ის არსებული წესრიგი, როდესაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიომ გადაიტანა თავისი მსუბუქი მრეწველობა და სამრეწველო პოტენციალი აზიაში, კონკრეტულად ჩინეთში, შეიცვლება. ბევრი საუბრობს უკვე იმაზე, რომ ჩვენ შევდივართ სავაჭრო ომების ფაზაში და ბევრი ქვეყანა, ბევრი ბიზნესი შეეცდება ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში დივერსიფიკაცია გააკეთოს ჩინეთისგან როგორც უპირობო მონოპოლისტი მიმწოდებლისგან ამ ინდუსტრიების. აქ საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიციონირება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ჩვენთან ხელფასები არის შედარებით დაბალი, ვიდრე ევროკავშირის და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამიტომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი მცირე წვლილი წამოვიღოთ ამ უზარმაზარი ჯაჭვის ცვლილებიდან. საუბარია უზარმაზარ თანხებზე, ტრილიონებზე, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე ნაწილზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს მსუბუქი მრეწველობის ტრადიცია. ასე რომ ეს ერთი მიმართულებაა.

თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ეპიდემიას, ამ გამოწვევას შევხვდებით როგორც ქვეყანა, რომელმაც მინიმალური დანაკარგებით შეძლო გაევლო ეს პროცესი, რომელმაც აჩვენა თვითორგანიზების მაღალი ხარისხი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და ამავე დროს მკაფიო ხედვის მქონე ეფექტური მენეჯმენტის პირობებში ჩვენ ვთავაზობთ დაბალ გადასახადებს, დაბალ რეგულაციებს და ასე შემდეგ, ნამდვილად გაჩნდა უზარმაზარი ნიშა, სადაც საქართველოსნაირ ქვეყანას აქვს ყველა შანსი იმისა, რომ ამ მსუბუქი მრეწველობის ჯაჭვში გადმოვიდეს და რაღაც ნაწილი ჩვენ წამოვიღოთ“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.