ჩინეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინის ომში დახმარება სთხოვა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.
გუშინ აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა სთხოვა ჩინეთს სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის თვითმფრინავებით მომარაგება, ასევე ეკონომიკური დახმარება სანქციების ფონზე.
ჩინეთის განცხადებით, აშშ “ავრცელებს დეზინფორმაციას“.
”ამ ბოლო დროს, ამერიკულმა მხარემ ჩინეთის წინააღმდეგ უკრაინის საკითხზე ბოროტი განზრახვებით გაავრცელა დეზინფორმაცია.
ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული და მკაფიო და ჩვენ ვთამაშობთ კონსტრუქციულ როლს სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაში. აუცილებელია ყველა მხარისთვის თავშეკავება და დაძაბულობის განმუხტვა, ვიდრე ცეცხლზე ნავთის დასხმა. მნიშვნელოვანია დიპლომატიური გადაწყვეტისკენ სწრაფვა, ვიდრე სიტუაციის შემდგომი ესკალაცია”,– განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა.